logo
ENG



"მარტში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა" - HRC აქციების დროს გამოვლენილ დარღვევებზე

22 იან 202415:21
3 წუთის საკითხავი
 
"მარტში პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა" - HRC აქციების დროს გამოვლენილ დარღვევებზე
ფორმულა/ვახო ქარელი

ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შესახებ შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში შეფასებულია 2023 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში ჩატარებული 15 საპროტესტო აქცია, მათ შორის საუბარია - მარტის აქციებზე, თბილისი პრაიდის ჩაშლაზე, თეთრი ფურცლის გამო დაკავებულ აქტივისტებსა და სხვა შეკრებებზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოკვეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტები, რომელთა შორისაა:

  • აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა
  • აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა უფლებების დარღვევა
  • აქციების ფასილიტაციის პროცესში არაიდენტიფიცირებული პოლიციელების მონაწილეობა
  • აქციებზე არაპროპორციული რაოდენობით პოლიციელების მობილიზება
  • პროტესტის გამოხატვის მიზნით, კარვის გაშლის დაუსაბუთებელი აკრძალვა
  • აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

HRC-ის ანგარიშში საუბარია 7-9 მარტის აქციებზე და აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში კვლევის საგანი იყო სპეციალური საშუალებებით დაშლის მიზანშეწონილობისა და კანონიერების შეფასება, რასაც ჰქონდა ადგილი მარტის პროტესტის დროს. ანგარიშის მიხედვით, ამ აქციებზე დაკვირვებით გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა, მათ შორის:

  • აქციის დაშლისას დაირღვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი
  • მომიტინგეთა მიმართ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
  • სპეციალური საშუალებებით აქციის დაშლისას დაირღვა საერთაშორისო სტანდარტები

"შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, როგორც „ინსტრუმენტული უფლების“ ეფექტიანი რეალიზებისათვის და მშვიდობიანი შეკრების დასაცავად, სახელმწიფოს აკისრია პასუხისმგებლობა მიიღოს ყველა რელევანტური ზომა და არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი შეზღუდვა. ამ ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვისთვის უნდა არსებობდეს კანონიერი საფუძველი, ლეგიტიმური მიზანი და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს პროპორციულობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები. იგივე, ბექა გრიგორიადისის აქციის შემთხვევაში, არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რომ პოლიციას შეეზღუდა სკვერში კარვის გაშლა. ასევე, უფლებადამცველების და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებისას მათი უფლებების დარღვევას აქვს მსუსხავი ეფექტი, რომელიც უარყოფითად აისახება შეკრების თავისუფლების ეფექტურად გამოყენებაზე და საზოგადოებრივ განწყობებზე, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

ამრიგად, შეკრების თავისუფლების რეალიზაციისას კვლავ პრობლემურია აქციის მშვიდობიანად ჩატარებისათვის შესაბამისი ზომების მიღება, პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება, აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, აქციაზე დაკავებული პირების უფლებების სათანადოდ დაცვა", - ნათქვამია ანგარიშში. 

ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

საქართველოს პარლამენტს:

  • კანონშემოქმედებითი უფლებამოსილების განხორციელებისას თავი შეიკავოს შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესებისგან;
  • შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის მიღების, ანდა ასეთ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისას გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ეფექტურად უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა;
  • არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა და მისცეს აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად განათავსონ და გამოიყენონ კარავი პროტესტის გამოსახატად;
  • შეკრებისა და მანიფესტაციის ფასილიტაციის პროცესში უზრუნველყოს ფორმიანი და იდენტიფიცირებადი პოლიციელების მონაწილეობა;
  • შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს უზრუნველყოს პოლიციელთა პროპორციული რაოდენობის მობილიზება;
  • უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების მონაწილეთა დაცვა კონტრდემონსტრანტებისგან;
  • საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლისას დაიცვას ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები;
  • სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარ გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ გონივრული დრო დაშლისათვის;
  • უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება პროპორციული ძალის პრინციპის შესაბამისად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში;
  • გადაამზადოს სამინისტროს თანამშრომლები სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებთ და უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენება შსს-ს მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:

  • უზრუნველყოს სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებასთან, საპროტესტო აქციის მონაწილე აქტივისტების მიმართ ჩადენილ ძალადობასთან ანდა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შემთხვევების დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება

close დახურვა